ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში

2013 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ფონდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში მომხმარებელთა გააქტიურებას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გასაკონროლებლად. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს სასურსათო ბაზრის მონიტორინგი და სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმებები. ყოველწლიურად შეისწავლება სახელმწიფოს საქმიანობა სურსათის უვნებლობის რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება მასმედიის საშუალებით და, გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, ჩატარდება საჯარო განხილვები. მომხმარებლებს გაეწევათ უსასყიდლო იურიდიული დახმარება და, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის გაფართოებაში და ხელისუფლების წინაშე საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებაში. 


პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა დიალოგის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სურსათის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. „მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან ერთად, აუცილებელია მეწარმეთა ლეგიტიმური ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. მხოლოდ ორივე მხარის ინტერესების ბალანსის გზითაა შესაძლებელი სურსათის სექტორის რეგულირების ეფექტიანი სისტემის შექმნა“ -- განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ. 
სურსათის ხარისხზე ორიენტირებული ბიზნესის პრაქტიკის სტიმულირებისათვის ევროპის ფონდი, ყოველწლიურად, სპეციალური კონკურსის გზით, გამოავლენს იმ საწარმოებს, რომლებიც ყველაზე ხარისხიან სურსათს აწვდიან მომხმარებელს. 

ევროპის ფონდის პარტნიორები არიან მოლდოვას აღმოსავლეთ ევროპის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე, ხოლო საერთო ბიუჯეტია 1,056,976 ევრო,  რომლის 90%-ს ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო 10%-ს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida). პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

სიახლეების გამოწერა
სიახლეები
2016-06-02
კონკურსი სურსათის სპეციალისტებისათვის
ევროპის ფონდი იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს ფონდის კონკურსში „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ მონაწილე სურსათის საწარმოების შესამოწმებლად.
2016-05-31
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტის თაობაზე
2016 წლის 18 მაისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მას მხარი არ დაუჭირეს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ნორმატიული აქტის  მიღებას.
2016-05-27
პრეზენტაცია რეგიონებში
2016 წლის 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ევროპის ფონდი გამართავს პრეზენტაციას რეგიონებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების თემაზე.